вторник, 4 апреля 2017 г.


 ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. ძეგლის სტუქტურისა და მასალის გათვალიწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად რთულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. ქვაში ნაკვეთი უნიკალური ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს.
ვარძია მდებარეობს თბილისიდან სამას კილომეტრზე, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონში. გამოქვაბული მონასტერი გამოკვეთილია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი განლაგებულია ზღვის დონიდან 1 300 მეტრის სიმაღლეზე. კომპლექსის საერთო ფართობი 40 000 კვ.მ. შეადგენს.
ვარძიის წმიდათა-წმიდა სახელი უცვლელად აცოცხლებს პირველ ქართველ ქალ – მეფეთა-მეფის თამარის სახეს, რომელთანაცაა დაკავშირებული ამ მონასტრის მშენებლობა ფეოდალური საქართველოს “ოქროს ხანაში”.
არაჩვეულებრივია ვარძიის ბუნებრივი გარემო. უძველესი დროიდან დასახლებული მხარე მდებარეობდა იმ მთავარ გზაზე, საქართველოს რომ უკავშირებდა წინა აზიას.
გამოქვაბულთა მშენებლობა საქართველოში ვითარდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე შეიქმნებოდა ვარძია.
ვარძიის წარსული თქმულებებში გადაიზარდა. თხრობა ხშირად მოკლე და მარტივია, მაგრამ მუდამ შთამბეჭდავი.
ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება “ვარძია” შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: “აქა ვარ ძია!”. მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.
მოთხრობილ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.
მართლაც, მონასტერი რომ შეიქმნა მეფე გიორგი III და თამარ მეფის დროს, ამის შესახებ პირდაპირი ცნობებია „ქართლის ცხოვრებაში“. ეს დასტურდება თვით ვარძიის ტაძრის მოხატულობითაც. ვარძიის მშენებლობის გადატანას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ადგილი, ზედა ვარძიის სახელწოდებით. მაგრამ თუ ამ ორი ფაქტის შესახებ მაინც არსებობს ზოგი ისტორიული ცნობა, სამაგიეროდ თანამედროვე ვარძიის ადგილზე გამოქვაბულების არსებობა უკვე თამარის ბავშვობაში, ადრე ცნობილი იყო მხოლოდ ლეგენდიდან. ვარძიის ისტორიულ- არქიტექტურული გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მის აქ დაარსებას წინ უძღოდა კლდის სოფლის ანანაურის არსებობა.
თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას.
ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.
ვარძია // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ.65-66
ვარძია ერთი ყველაზე პოპულარული ძეგლთაგანია საქართველოში. მას ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, თუმცა იგი დაშორებულია ცენტრებს. აქაც მონასტერი იყო. იგი გიორგი III დაარსა და დაამთავრა მისმა ასულმა თამარ მეფემ, ე.ი. ეს ძირითადად XII საუკუნის ძეგლია, თუმცა, რა თქმა უნდა, მშენებლობა არც შემდეგ შეწყვეტილა და აქ უფრო გვიანდელი ნაწილებიც არსებობს. ვარძია მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე და გამოკვეთილია ტუფის შვეულ კლდეში. სიგრძე 900 მეტრამდეა, სიმაღლეზე რამდენიმე სართულია (ზოგან შვიდი). გამოქვაბულთა რაოდენობა აქაც ასობით დაითვლება. სადგომები დაჯგუფებულია მცირე კომპლექსებად, რომლებიც რამდენიმე ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია საგანგებო გადასასვლელებით. ფასადის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში მოირღვა, ასე რომ, დღეს ვეღარ ვიმსჯელებთ მთელი ანსამბლის თავდაპირველი სახის შესახებ. შიგნით ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი ოსტატურადაა შესრულებული, მაგრამ რაიმე საგანგებო მორთულობა - მაგალიაად, კლდეში გამოკვეთილი ქანდაკებები, როგორც შორეული აღმოსავლეთის ზოგ გამოქვაბულ ანსამბლშია - აქ არ გვხვდება: ასეთი რამ უცხოც იქნებოდა ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია დიდი ეკლესიის მოხატულობა, რომელიც, სასულიერო სიუჟეტებთან ერთად, შეიცავს გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტებს. ეკლესიის ადგილი გარედან ადვილი გამოსაცნობია, რადგან მის წინ, კლდის შეღრმავებაში, ჩაშენებულია თლილი ქვის ორი თაღი - ეს ეკლესიის ფასადია და, იმავდროს, უმთავრესი ხუროთმოძღვრული მახვილი (დღეს მაინც) მთელი ვარძიისა. აქვეა, თაღების გვერდით, აშენებული სამრეკლოც. რა თქმა უნდა, ფოტოსურათები შორეულ წარმოდგენასაც ვერ უქმნის მნახველს ვარძიის შესახებ, მით უფრო, რომ შთაბეჭდილებას ახდენს არა მარტო თვით ძეგლი, კლდეში ნაკვეთი ოთახებისა და აქეთ - იქით მიმავალი კიბის საფეხურების საკვირველი რიტმით, არამედ მთელი გარემო, ვარძიის  მიდამოები: ჯერ ვარძიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ციხე - ქალაქის თმოგვის ნანგრევები - თმოგვი გრანდიოზულ კლდეზე მდებარეობს და თვალჩაუწვდენელ ხრამს გადაჰყურებს: შემდეგ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მეორე გამოქვაბული მონასტერი - ვანის ქვაბებია, რომლის სენაკები მაღალი მთის ციცაბო კალთებზეა მიმოფანტული: დასასრულ, ორ მაღალ ზეგანს შორის მდინარის მიერ ჩაკვეთილი ეს ღრმა კანიონი, ეს უზარმაზარი შიშველი კლდეები. სრულიად თავისებური სამყაროა - მკაცრი. საზეიმო, დიდებული და რომანტიკული. თავის დროზე ვარძია სიმდიდრით იყო ცნობილი. XVI ს-ში იგი სპარსელებმა გაძარცვეს, შემდეგ კი, თურქთა ბატონობის მძიმე საუკუნეებში, სრულიად დაცარიელდა და გაპარტახდა. დღეს დაცულია, როგორც კულტურის შესანიშნავი ძეგლი (ჯავახეთსა და სამცხეში სხავ გამოქვაბული და ნახევრადგამოქვაბული კომპლექსებიც არსებობს, მაგ. პატარა სამსარი (ახალქალაქის რაიონში), ბაიები (ახალციხის რაიონში) და სხვ...





ერთხელ, როცა პატარა გოგონა იყო, ბიძამისმა თამარი დღევანდელი ვარძიის ალაგას წაიყვანა, იქვე კლდეებთან გაუშვა, თვითონ კი ნადირობას მიეტანა. ნადირობიდან მობრუნებულმა, თამარი იქ ვეღარ იპოვა; მას შეეშინდა, ბავშვი ამ კლდეებში ხომ არსად გადავარდაო, და ძახილი დაიწყო, გოგო, თამარ, სადა ხარო? თამარი კი თამაშ-თამაშ კლდეებს ზემოთ მოქცეოდა, ბიძამისის ხმა რომ გაიგონა, უპასუხა: „აქა ვარ, ძია!“ ამბობენ, ამ ადგილს სწორედ ამიტომ ეწოდაო ვარძია.
ცოტა მოგვიანებით, გიორგი მესამემ განიზრახა ამ მიდამოებში კლდეში ქალაქი გამოეკვეთა. გეგმა შეადგინეს და პირველი „სახლებიც“ გამოკვეთეს, მაგრამ გიორგი გარდაიცვალა. თამარმა გეგმა ცოტათი შეაცვლევინა და ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გამოაკვეთინა. ბასიანის ბრძოლის დროს სწორედ აქ ავედრებდა ქართველთა გამარჯვებას ტაძარში დაცულ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც შემდგომში ვარძიის ღვთისმშობლის ხატი ეწოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა მაჰმადიანთა 400 000-იანი არმია გაანადგურეს, ამიტომ ამ ხატს გამმარჯვებელს უწოდებდნენ.
ერთხანს აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. 
ვარძია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში მდებარეობს ასი მეტრის მიუვალ კლდეში. ის ხუთასი მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული. გამოკვეთილია ცამეტ სართულად სამფეროვანი კლდის შუა - მოყავისფრო ნაწილში, ხოლო ზედა, მუქი რუხი ფენა სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა განლაგებული, რის გამოც ისინი ნათელი და თბილია.
ცენტრალურ ნაწილში გამოკვეთილია ტაძარი, სამრეკლო, რომლის ქვეშაც საწნახელისა და სატრაპეზოს გამოქვაბულებია. დასავლეთით ე.წ. კლდის სოფელი - ანანაური მდებარეობს, სადაც შემორჩენილია კლდის ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, წყალსადენის გვირაბი და გვირაბები სხვა მნიშვნელოვანი სათავსებისათვის. აქაც არის პატარა ეკლესია.
აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე კარგადაა ჩვენამდე მოღწეული. აქ 150 მეტრის სიგრძეზე განლაგებულია გამოქვებულები და დაბლა ჩასასვლელი გვირაბი, აქვე ყოფილა სახიზნავითა და მისი გვირაბით, ე.წ. „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „სალხინო“, „წამლის სასახლე“ (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე საცხოვრბელი გამოქვაბული.


ვარძიის ტაძრებში შემორჩენილია მოხატულობა, რომელიც ვინმე გიორგი მხატვარს შეუსრულებია. ერთ კედელზე გვხვდება გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტები.
მონღოლთა ბატონობის ხანაში ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. ერთხელ, აღდგომის წინა დღეს საშინელი მიწისძვრა მოხდა სამცხეში, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვებულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები, ტაძრის ნაწილი, დააზიანა წყალსადენი. ამის შემდეგ ვარძიამ სრულებით იცვალა სახე. დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ახალი ნაგებობები: ოთაღიანი შენობა ტაძრის გასამაგრებლად, სამრეკლო და სატრაპეზო.
მეთექვსმეტე საუკუნეში ვარძია სპარსელებმა დაარბიეს შაჰ-თამაზის ბრძანებით. სწორედ მათ გაიტაცეს ვარძიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ ვარძიის სიდიადისა და სიმდიდრის მნახველნი.
ამ დარბევის შემდეგ ვარძია გაუკაცურდა. ის თანდათან ზიანდებოდა მოუვლელობის გამო, მაგრამ შველა არ იყო. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს ვარძიაში აღდგენითი სამუშაოები, შეკეთდა მისასვლელი გზა, ხელახლა იკურთხა ტაძარი და მონასტერში მღვდელი და ორი მორჩილი დასახლდა. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ ჯერ ტურისტული ბაზა გაიხსნა, შემდეგ კი მუზეუმი.
დღესდღეობით ვარძიაში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს, ზემო ვარძიაში კი დაარსდა დედათა მონასტერი.  მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა და კვლავ ისმის „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. 



ძია მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.ვარძია - ესაა მონასტერი - სიმაგრე. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსის სიგრძე 900 მ - მდეა, განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით. მისი მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა. ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მშენებლობითი სამუშაოები შემდეგშიც მიმდინარეობდა.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა.
XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო, შემკული ორნამენტებით. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. სათავსოს დასამშვენებლად გამოყენებული ყოფილა გამომწვარი თიხის მოჭიქული ფერადი ფილები.
ვარძიაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც აქ შექმნა ”გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი.”
1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. 1861 წელს საქართველოს ეგზარქოსის პალადის კურთხევასთან დაკავშირებით ვარძიაში დროებით განახლდა წირვა-ლოცვა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.
მიუხედავად იმისა, რომ დროთა სვლაში დაინგრა, დაიშალა და განადგურდა ვარძიის კომპლექსის დიდი ნაწილი, იგი დღესაც აოცებს მნახველებს თავისი გრანდიოზულობითა და სინატიფით.