вторник, 4 апреля 2017 г.


 ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. ძეგლის სტუქტურისა და მასალის გათვალიწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად რთულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. ქვაში ნაკვეთი უნიკალური ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს.
ვარძია მდებარეობს თბილისიდან სამას კილომეტრზე, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონში. გამოქვაბული მონასტერი გამოკვეთილია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი განლაგებულია ზღვის დონიდან 1 300 მეტრის სიმაღლეზე. კომპლექსის საერთო ფართობი 40 000 კვ.მ. შეადგენს.
ვარძიის წმიდათა-წმიდა სახელი უცვლელად აცოცხლებს პირველ ქართველ ქალ – მეფეთა-მეფის თამარის სახეს, რომელთანაცაა დაკავშირებული ამ მონასტრის მშენებლობა ფეოდალური საქართველოს “ოქროს ხანაში”.
არაჩვეულებრივია ვარძიის ბუნებრივი გარემო. უძველესი დროიდან დასახლებული მხარე მდებარეობდა იმ მთავარ გზაზე, საქართველოს რომ უკავშირებდა წინა აზიას.
გამოქვაბულთა მშენებლობა საქართველოში ვითარდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე შეიქმნებოდა ვარძია.
ვარძიის წარსული თქმულებებში გადაიზარდა. თხრობა ხშირად მოკლე და მარტივია, მაგრამ მუდამ შთამბეჭდავი.
ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება “ვარძია” შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: “აქა ვარ ძია!”. მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.
მოთხრობილ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.
მართლაც, მონასტერი რომ შეიქმნა მეფე გიორგი III და თამარ მეფის დროს, ამის შესახებ პირდაპირი ცნობებია „ქართლის ცხოვრებაში“. ეს დასტურდება თვით ვარძიის ტაძრის მოხატულობითაც. ვარძიის მშენებლობის გადატანას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ადგილი, ზედა ვარძიის სახელწოდებით. მაგრამ თუ ამ ორი ფაქტის შესახებ მაინც არსებობს ზოგი ისტორიული ცნობა, სამაგიეროდ თანამედროვე ვარძიის ადგილზე გამოქვაბულების არსებობა უკვე თამარის ბავშვობაში, ადრე ცნობილი იყო მხოლოდ ლეგენდიდან. ვარძიის ისტორიულ- არქიტექტურული გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მის აქ დაარსებას წინ უძღოდა კლდის სოფლის ანანაურის არსებობა.
თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას.
ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.

Комментариев нет:

Отправить комментарий